რუსეთის ფედერაციამ ირანთან, არასაჯარო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც რუსეთის ტერიტორიაზე დრონების წარმოება უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
„აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, მოსკოვმა, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების ფონზე, თეირანთან, თავის ტერიტორიაზე დრონების წარმოებაზე, ფარული შეთანხმება გააფორმა“, - წერს გამოცემა.
მედიის ცნობით, სამმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ თემაზე რუსეთისა და ირანის ოფიციალური პირები თეირანში, ნოემბრის დასაწყისში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ.
The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ ამ შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა, ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის დეფიციტის შევსება შეძლოს.
ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმება, ასევე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს სთავაზობს ირანს, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ცდილობდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში თავი ნეიტრალურად წარმოეჩინა.
უკრაინის ქალაქების თავზე ირანული თვითმფრინავების გამოჩენამ, ევროპის მხრიდან ახალი ეკონომიკური სანქციების მუქარა გამოიწვია. ოფიციალური პირების თქმით, ირანის ლიდერებს შესაძლოა, სჯერათ, რომ თუ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყება, სანქციების თავიდან არიდებას შეძლებენ.