ოლიგარქიული მმართველობა დაკავშირებულია ივანიშვილთან, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს - სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რასაც ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით აკეთებს, იმ ბოროტების კიდევ უფრო მეტად გაღვივებაა, რაც ამ ქვეყანაში ხდება.

“დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ერთი საკითხია ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას ევროკომისარმა საქართველოში ვიზიტის დროს პირდაპირ გააჟღერა, რომ საქართველოს უნდა გადაეგზავნა ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის და მათგან შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ უნდა მომხდარიყო განხილვის გაგრძელება, თუმცა ფაქტობრივად, ევროკომისრის სიტყვები არაფრად ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" და მეორე მოსმენით მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია.

ოლიგარქიულ მმართველობასთან პრობლემა კონკრეტულად ერთ ადამიანს არ უკავშირდება. ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემურ დონეზე აღმოსაფხვრელი პრობლემა. დღეის მდგომარეობით ოლიგარქიული მმართველობა სწორედაც მთლიანად დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ამ ქვეყანაში, თუმცა ეს კანონი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ასევე, ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ ექნება, რადგან შეუძლებელია ვის ნებასაც ხელისუფლება აღასრულებს მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებები მიიღოს.

ეს კანონი იძლევა პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორების შესაძლებლობას, თუმცა დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას, არამედ სისტემური ცვლილებების მთელ ჯაჭვს, რომელიც ჩვენ უბრალოდ აღარ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ივანიშვილი, თუ სხვა, ამ ოლიგარქიულ ჯაჭვში რამენაირად მოთავსდეს", - განაცხადა სიმონიშვილმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.