ევროპის საბჭომ საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ პირველი ანგარიში მიესალმება კანონმდებლობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ითხოვს მსხვერპლთათვის მეტი სერვისების და მოძალადეთათვის პრევენციული სანქციების არსებობას.

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო ორგანო - GREVIO საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ პირველ ანგარიშში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ბევრ ნაბიჯს საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბულის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

„მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები; უნდა შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალური ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით; უნდა აღმოიფხვრას მსხვერპლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული დაბრკოლებები და დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქალთა თანაბარი სტატუსის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებაში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს პატრიარქალური განწყობები. საქართველოს ხელისუფლების კომენტარები თანაბრად გამოქვეყნდა.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, მის თანმხლებ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების კუთხით.

ამასთანავე, ცვლილებები შევიდა ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში, რათა ამ უკანასკნელს მოეცვა ძალადობის ყველა ფორმა.

ცვლილებები ასევე შეიცავს ისეთ მისასალმებელ ელემენტებს, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური შვებულების უზრუნველყოფა თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნის ხანგრძლივობის განმავლობაში, ასევე მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭება ოჯახში ძალადობის შემსწრეთათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ოჯახში ძალადობის დანაშაული და სხვა ახალი დანაშაულები, მათ შორის, ქორწინების იძულება, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ადევნება და იძულებითი სტერილიზაცია.

2019 წელს კანონმდებლობაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სექსუალური შევიწროების აკრძალვის კუთხით და დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების განმარტება კვლავ საჭიროებს ცვლილებებს, რათა სრულად მოხდეს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული ნებაყოფლობით გაცემული თანხმობის არარსებობის ცნების ასახვა.

მსხვერპლებს არ აქვთ წვდომა სრულად ფუნქციურ გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის კრიზისის რეფერალურ ცენტრებზე, რომლებიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ადეკვატურად იქნებოდა განაწილებული მთელ საქართველოში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძალიან მცირერიცხოვანია იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ან ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონებისთვის არსებული სერვისები.

ადმინისტრაციული მოთხოვნები, როგორიც არის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მიღება, აბრკოლებს ქალთა წვდომას ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე.

GREVIO ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა დამხმარე სერვისებზე და დაცვის მექანიზმებზე ინტერსეცქიული დისკრიმინაციის რისკის წინაშე მყოფი ქალებისათვის, რომლებიც არიან მაგალითად ეროვნული და/ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და ლტოლვილები, ლესბოსელები, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ქალები, ხანდაზმული ქალები.

ძალადობის შემსწრე ბავშვები ხშირად სისტემისთვის უხილავნი რჩებიან. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები და გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობასა და პოლიტიკის შემუშავებაში.

სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის მექანიზმები სერიოზულ ნაკლოვანებებს აწყდება: გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მოკლებულია ოპერატიულობას, ეფექტურობასა და მგრძნობიარობას.

ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სწრაფი და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებში.

უნდა გამოვლინდეს და გადაიხედოს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სასამართლოში გაუპატიურების მტკიცების ძალიან მაღალ ზღურბლს და მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული მთელი პროცესის განმავლობაში.

მყისიერი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა დაწესებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები იყოს პრევენციული და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი, სასამართლომ კი უნდა გაითვალისწინოს ოჯახში ძალადობის ყველა ინციდენტი პატიმრობის ან პაემნის უფლების შესახებ გადაწყევტილების მიღებისას.

გარდა ამისა, GREVIO მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესს, დაადგინოს და რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მიერ გაუქმებული ორდერების მაღალი პროპორციულობის მიზეზებზე (დაახლოებით 60% 2018-2021 წლებში) და ასევე განახორციელოს ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი.

ანალოგიურად, უნდა დადგინდეს თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი და მოხდეს ადეკვატური სანქციების გამოყენება ასეთი ორდერების დარღვევის შემთხვევაში.

GREVIO დიდი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც 2018 წელს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 60, ხოლო 2019 წელს 516 შემთხვევაში, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა.

თავის ანგარიშში, GREVIO ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც საჭიროებენ დაცვას, განურჩევლად მათი სტატუსისა და საცხოვრებელი ადგილისა, არავითარ შემთხვევაში არ იქნან დაბრუნებული იმ ქვეყანაში, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან სადაც ისინი შეიძლება დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას.

დაბოლოს, GREVIO მიუთითებს, რომ პატრიარქალური დამოკიდებულებები და სტერეოტიპები გენდერული როლებსა და მისაღები ქცევის შესახებ კვლავაც გავრცელებულია ქართულ საზოგადოებაში. რეაგირებას მოითხოვს ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები და მედიის მიერ მათი გავრცელება. საჭიროა მყისიერი ძალისხმევა საზოგადოებაში, საჯარო დისკურსსა და მედიაში ქალების თანაბარი სტატუსის გასაზრდელად“, - ნათქვამია ანგარიშში.