ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა თავდაცვის მინისტრის, მარიო ბანოშიჩის მოთხოვნა, ქვეყანაში უკრაინული სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარების შესახებ, უარყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მინისტრი ასეთი მოთხოვნების წარსადგენად, უფლებამოსილი არ არის.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს შეუძლიათ.
„თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, უკრაინის მხარდასაჭერად, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ (EUMAM) მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გვაწვდიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
EUMAM Ukraine 17 ოქტომბერს დაფუძნდა, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებაა. უკრაინული მედიის ცნობით, მილანოვიჩმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინული ძალების წვრთნას ხორვატიაში.
ცნობისათვის, 2012 წლის 22 იანვარს, ხორვატიაში რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც მოსახლეობის 66,25 %-მა ხმა მისცა ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2013 წლიდან, ხორვატია ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა.