აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დონის მიღწევაზე, ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.
დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტებში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ეთმობა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი გაზის წარმოებასა და მიწოდებაში მსოფლიო ლიდერია.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში აზერბაიჯანი ექსპორტზე, 35 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს გაიტანს. ახლა ბუნებრივი აირის ექსპორტი 22 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. ამ მოცულობის ნახევარი ევროპის ქვეყნებში გადის.
ვუჩიჩმა დააზუსტა, რომ ახლა სერბეთი და აზერბაიჯანი, სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობაზე მუშაობენ.
ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ბელგრადი აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებს. პრესკონფერენციაზე მხარეებმა ასევე შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.