გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ამ ზამთრის სეზონისთვის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება „გარანტირებულია".
„ამ ზამთრის სეზონისთვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ამასთან, შინამეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგს.
„არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებშო პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრა დავიწყეთ, რამაც თავის დროზე რუსეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა შოლცმა.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გეოპოლიტიკური ევროპის მიზანს, რომელიც „მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანია“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს.
სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.