მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

სტამბოლში, ფანარის საპატრიარქო რეზიდენციაში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გადაეცა.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ თქვენს წინაშე, პატივცემულო რექტორო და პროფესორებო, რომ ეკლესიას, რომლის უმაღლესი ფასეულობა არის ადამიანის სიწმინდის დაცვა, მის მიწიერ და მარადიულ დანიშნულებაში, აქვს სათქმელი ადამიანურ საქმეებში, რომელიც ყოველთვის გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ „არაფერია ისეთი წმინდა, როგორც ადამიანი, რომლის ბუნებაც ღმერთმა მიიღო" (ნიკოლოზ კაბასილასი), ამ ჭეშმარიტების ხაზგასმით, ქრისტეს ეკლესია ხელს უწყობს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ჰუმანიზაციას, აჩვენებს მეცნიერების საზღვრებს და აცხადებს, რომ არ არსებობს პროგრესი, როდესაც ადამიანი დასახიჩრებულია და ნადგურდება მისი სახლი (ოიკოს), ბუნებრივი გარემო.

სიმართლე ისაა, რომ თანამედროვე კულტურის ეს დიდი მიღწევა გულისხმობს ქრისტიანობაში ოიკუმენეს ხანგრძლივ მოღვაწეობას და ატარებს მის შტამპს, რადგან მისი საფუძველია რწმენა ადამიანის აბსოლუტური ღირსებისადმი.

მიუხედავად მათი ნაწილობრივი განსხვავებისა, ადამიანის უფლებათა მოძრაობა და ქრისტიანობა ემთხვევიან ერთმანეთს ადამიანის ღირსების დაცვის საერთო მიმართულებაში, მიუხედავად მათი განსხვავებებისა მის საბოლოო საფუძველში.

სიყვარულისა და ძმობის ქრისტიანული იდეალები ასაზრდოებდა ბრძოლას სოციალური უფლებებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს დროშიც კი, ეკლესიები თავისუფლების სოციალური შინაარსის მხურვალე დამცველები არიან.

გარდა მშვიდობის ქომაგობისა, პირადად ჩვენთვის, ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ბრძოლა განუყოფელ კავშირშია ადამიანის ბუნებრივი გარემოს დაცვასთან. ცხადია ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების ურთიერთმიმართება და უეჭველია ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური საკითხები და კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს უპირველეს ყოვლისა და ყველაზე ინტენსიურად ღარიბებსა და ყველაზე მოწყვლად მოსახლეობაზე. წარმოუდგენელია, ვამბობდეთ რომ გვაინტერესებს პიროვნება და თანადროულად ვანადგურებდეთ მის სახლს (oikos).

ბუნებრივი გარემოს დაცვა და ადამიანის მიმართ რეალური პატივისცემა ერთი მედლის ორი მხარეა, ურთიერთქმედითი და ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული, ცხადია, ტყუილია საუბარი პროგრესზე, როდესაც ადამიანის სახლი ინგრევა, თავად ადამიანი კი ზიანდება.

საფუძველი თანამედროვე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემებისა საერთოა და ის წარმოადგენს „თავისუფლების კრიზისს“, სულიერ და მორალურ რყევებს. ორმაგი სოლიდარობა ქმნილებისა და ადამიანისადმი არის ახალი ეთოსი, რომელიც უძლებს ჩვენი დროის მრავალგვარ გამოწვევას. მომავალის არცერთ იმ ხედვას არ აქვს ფასი, რომელიც არ გულისხმობს სოციალურ სამართლიანობასა და დაცულ ბუნებრივ გარემოს.

ძვირფასო სტუმრებო, ადამიანის პიროვნების სიწმინდის წარმოჩინებითა და მის პრაქტიკული პატივისცემით რელიგიები შეაქვთ წვლილი ადამიანის უფლებათა ბრძოლაში და სამართლიანობის, სოლიდარობისა და მშვიდობის კულტურის დაფუძნებაში.

ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიოში არსებული უნივერსიტეტებიც, როგორც მეცნიერებისა და ჰუმანიზმის სამჭედლოები, ავრცელებენ ცოდნასა და თავისუფლების ეთოსსა და ადვოკატირებენ ადამიანის უფლებებსა და მშვიდობას“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.


ცერემონიაზე ოფიციალური სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

„ჩვენ, დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და ზოგადად, საქართველოს შვილებს, განსაკუთრებით გვახარებს თქვენი დიდი ხნის და მარადიული ურთიერთობა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან და სულიერი ძმობა მის საჭეთმპყრობელთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან ილია II-სთან. არაერთხელ სწვევიხართ საქართველოს ოფიციალური-მეგობრული ვიზიტით.

თავდაპირველად, სწორედ თქვენ, როგორც ფილადელფიის, მოგვიანებით კი, როგორც ქალკედონის მიტროპოლიტი, აქტიურად იყავით ჩართული და მონაწილეობდით მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოლაპარაკებებში. 2007 წლის ოქტომბერში, თბილისში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, მოხდა თქვენი არჩევა აკადემიის საპატიო უცხოელ წევრად.

2013 წლის იანვარში ესწრებოდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაბადებიდან 80 და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს. თქვენსა და მის უწმინდესობას ილია II-ს შორის ურთიერთობა, სიყვარულით გამოხატული, დღემდე გრძელდება. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქის, ეროვნებით ქართველის და მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, დაუვიწყარია მიმდინარე წილის 30 ივლისს შეხვედრაზე თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კერძოდ – „ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი“.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ვსარგებლობ შემთხვევით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს საზოგადოების სახელით, მოგახსენებთ გულწრფელ მადლობას და ნიშნად ჩვენი დამოკიდებულებისა გაცნობებთ, რომ წიგნი: „ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელმძღვანელობის 30 წელი – ბართლომეოს – მოციქული და მართლმხედველი“ უკვე ითარგმნა ქართულად და უმოკლეს ვადებში გამოიცემა; ამასთანავე, ვასრულებთ რიტუალს, თქვენი სსუ-ს საპატიო დოქტორის მანტიით შემოსვისა და გადმოგცემთ საპატიო დოქტორის მედალსა და დიპლომს“, – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.


ღონისძიების მსვლელობისას მსოფლიო პატრიარქმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და თურქეთში საქართველოს ელჩმა ერთად ხე დარგეს საპატრიარქო რეზიდენციის ეზოში.

სტამბოლში რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით სსუ-ს დელეგაცია – აკადემიური საბჭოს წევრები: პროფესორები მელორ ალფენიძე, ლალი გაბისონია და ნანა გულუა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ვიცე-კანცლერი ალექსი გახარია და რექტორის თანაშემწე გიორგი რურუა ჩავიდნენ.

ადრიანოპოლის კარიბჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსოფლიო პატრიარქმა ლოცვა აღავლინა საეკლესიო ტახტის არქიმანდრიტ მამა ილიას (ჯინჯოლავა) თანამწირველობით. ღვთისმსახურების დასასრულს, სსუ-ს დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციის ტახტის დარბაზში მიიწვიეს, სადაც საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, საუნივერსიტეტო დელეგაციის გარდა, ესწრებოდნენ: თურქეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრები, სტამბოლში საბერძნეთის გენერალური კონსული, სტამბოლში კათოლიკეთა ეპისკოპოსი, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საპატრიარქო სასამართლოს წევრები და სხვა სასულიერო პირები.

2022 წლის 18 ივლისს,  სსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით (№ 05/01-64), ბართლომე I-ს მიენიჭა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება, მსოფლიოში მშვიდობისა და ქრისტიანობის განმტკიცების, ეკოლოგიის, საეკლესიო სამართლის სამეცნიერო დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რელიგიათა და ცივილიზაციათა დიალოგის მხარდაჭერის, ლტოლვილთა, დევნილთა და ომებით დაზარალებულთა თანადგომის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობისა და ერთიანობის დაცვისათვის, საპატრიარქო მოღვაწეობის 30-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით.

რექტორის ოფიციალური ვიზიტის დროს მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრისას, 2022 წლის ივლისის ბოლოს, გადაწყდა, რომ, ბართლომეოს I-ს კურთხევით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია მსოფლიოს საპატრიარქოს 23 ნოემბერს ეწვეოდა.