- აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით, ექვსჯერ მეტი იქნება. იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შანსი, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და კომუნიკაციის ბარიერების მოხსნა.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობის ტრანსპორტირება ხდება აზიასა და ევროპას შორის, ხოლო „შუა სატრანსპორტო დერეფანი“ რჩება ტვირთების გადაზიდვის უმოკლეს და მომგებიან მარშრუტად.
ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის სამ მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენაზე, რომლებმაც გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა გაზარდა.
მისი თქმით, პირველ რიგში, შეფერხებები იგრძნობა საქონლის მიწოდების ჯაჭვებში, რაც ზრდის უსაფრთხო და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობას.
მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და ამასთან, წინააღმდეგობები აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმავდება. მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ეძებს გზებს პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებისთვის, განაცხადა თურქმა დიპლომატმა.
ჩავუშოღლუმ ასევე ხაზი გაუსვა ზანგეზურის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის.
- აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება
- ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ
ცნობისთვის, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში იმართება.
შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.