პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება.
მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
„ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასა 25 ნოემბერს უპასუხა.
„ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ, რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.