ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მნიშვნელოვანს უწოდებს ევროკავშირის რჩევას იმის შესახებ, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. ელჩის თქმით, კარგი იქნება თუ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ის ინსტიტუტი, რომელთანაც საქართველო თანამშრომლობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანი რჩებაა მათი მხრიდან.
მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გაიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.