NATO-ს ძალებმა, ჩრდილოეთ პოლონეთში, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში წვრთნები ჩაატარეს. კერძოდ, ეს არის სუვალკის დერეფანი, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას აკავშირებს და რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს ჰყოფს ერთმანეთისგან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
წვრთნებში 2000 ჯარისკაცი მონაწილეობს, განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ. მასში ასევე ჩაერთო 1000-ზე მეტი საბრძოლო და ლოგისტიკური დამხმარე აღჭურვილობა.
„ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენი გამოცდილების საფუძველზე და ასევე, უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ვიცით, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი და რა მეთოდებს იყენებს უკრაინის არმია ეფექტიანი თავდაცვისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.