ლიეტუვამ უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის 2 მილიონ ევროზე მეტი დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა და პირობას დებს, რომ გააგრძელებს უპილოტო თვითმფრინავების, თბილი ტანსაცმლის, გამათბობლების და გენერატორების კიევისთვის მიწოდებას.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტმა უკრაინელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს.
„დღეს ჩვენ ყველანი ვამბობთ: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“. ეს გახდა სლოგანი, რომელიც აერთიანებს ერებს ახლა, როგორც აერთიანებდა მათ საუკუნეების წინ, რადგან დღეს უკრაინა იბრძვის არამხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც, ამიტომ, ის იცავს მთელ ევროპას და იცავს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება თქვენი გამარჯვება და, შესაბამისად, ჩვენი გამარჯვება“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.
პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები მატეუშ მორავეცკი და ინგრიდა სიმონიტე უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდნენ.
კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვდა.
„ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება.
მადლობელი ვარ პოლონეთის და ლიეტუვის მზადყოფნისთვის, გააქტურონ დისკუსია NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე“, - წერს დენის შმიგალი Twitter-ზე.