ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში, ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს.

„ხუთი წლის წინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ახლა, ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე, დავიწყეთ ინვესტიცია საქართველოს ნაწილის გაფართოებაში. ეს პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაგვიჯდება", - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება.

ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების გადაზიდვაში.

ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოება 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე წელიწადში.

„დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ლაჩინის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანში საჰაერო ნავსადგურების რაოდენობა 9-ს მიაღწევს.

„ბუნებრივია, ეს კეთდება არა მხოლოდ მგზავრთა გადაზიდვისთვის, არამედ ტვირთის გადაზიდვისთვისაც. ამდენად, ჩვენ ველოდებით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას და ამისთვის მზად ვართ", - დასძინა ალიევმა.

მანამდე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი BTK-ის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებს, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაზარდოს.

BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).