„ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის _ ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, საარჩევნო საკითხებისგან განსხვავებით, პოლიტპატიმრების თემაზე რთული სიტუაციაა. „ქართული ოცნება“ უბრალოდ არ აღიარებს პოლიტპატიმრების საკითხს.
„ვიმსჯელეთ ოთხივე პუნქტზე. ყველაზე მძიმე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მე და ლევან იოსელიანი ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით ამ საკითხს, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთ პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ.
შეხვედრაზე პრინციპულად დავაყენე პოლიტპატიმრების საკითხი - ჰქონდა თუ არა სერიოზული მზაობა „ქართულ ოცნებას“, წასულიყო კომპრომისზე, ვინაიდან მეოთხე რაუნდის შემდეგ დიდი დრო გავიდა. მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ძალიან მძიმედ არის ეს საქმე. დღეს აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, მოვედით პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად", -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"მოქალაქეების" წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.
ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შესვლას გეგმავენ, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს. დაახლოებით მსგავსი პოზიცია აქვს პარტია "გირჩს" თუმცა განსხვავებული პირობით. მათი პირობაა თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია "ქართულ ოცნებაზე" მეტ ხმას დააგროვებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის საკითხზე, ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მოწოდებებს პასუხობს
"სტრატეგია აღმაშენებლის“ უარს „მოქალაქეები“ ვაშაძის შანტაჟს უკავშირებენ