„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის.

  • „ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება.

ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ, იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის, ასევე პირადი კომუნიკაციის საშუალებით გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში.

იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა, იგივე კანონმა, მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იყოს, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის.

შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნას შეფასებული სამართლებრივად და დაჩქარებული იყოს პროცესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს.

„ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.


შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.