უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა ევროპის 7 ქვეყანაში მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს.
„ესპანეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში [იტალიის] ნეაპოლში და [პოლონეთის] კრაკოვში, საკონსულოში [ჩეხეთში] ბრნოში სისხლიანი პაკეტები მიიღეს, რომლებშიც ცხოველის თვალები იყო. თავად ჩანთები დამახასიათებელი ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ გზავნილის მნიშვნელობას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიჩნევს, რომ „უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია მიმდინარეობს".
„ვერ შეაჩერებენ უკრაინას დიპლომატიურ ფრონტზე, ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, დაუყოვნებლივ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
პირველ დეკემბერს კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის სამმა საელჩომ „სიმბოლური მუქარის“ წერილები მიიღო. მისი თქმით, კონვერტები „წითელი სითხით იყო გაჟღენთილი“.
30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.
ესპანეთში უკრაინის ელჩმა სერგეი პოგორელცევმა განაცხადა, რომ ამ გზავნილის უკან შესაძლოა, რუსეთი იყოს.