მადრიდში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, აფეთქება საელჩოსთან მოხდა.

ამავდროულად, La Vanguardia-ს ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ აფეთქება თავად დიპლომატიურ მისიაში მოხდა.

მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოში გაგზავნილ კონვერტში იყო. 

სააგენტო Efe-ს წყაროები აცხადებენ, რომ წერილი ელჩის სახელზე იყო, თუმცა ის დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა.

მადრიდის პოლიციამ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე, უკრაინის საელჩოში ხანძრის შესახებ შეტყობინება მიიღო. საელჩოს ტერიტორია შემოსაზღვრული იყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

საელჩოსა და უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.