Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადებისთვის, თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა

ტელეკომპანია Дождь-მა (შეტანილია რუსეთში "უცხოური აგენტების" რეესტრში) გამოაცხადა, რომ ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-ის თანამშრომელმა, გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შევწყვიტოთ თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ "დოჟდის" ხელმძღვანელობა მას ერთადერთ სწორ და შესაძლებლად მიიჩნევს", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინა კოტრიკაძემ.

პირველ დეკემბერს გადაცემაში Здесь и сейчас წამყვანმა თქვა ფრაზა: „გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედროს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით ან უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით".

პარასკევს ღამით სკანდალის შემდეგ, ეს ფრაზა ეთერიდან ამოიღეს, ბოდიში მოიხადა ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ (რუსეთში „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეტანილი). მან განაცხადა, რომ კოროსტელევის „აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს" და „ქმნის განცდას, რომ „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს".