გაეროს მონაცემებით, ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა

მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება. 

ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.

„მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოების გავლენით", - განაცხადა ტორერომ.

„შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებამ“ გავლენა მოახდინა სურსათის ფასების შემცირებაზე, უწყვეტი მიწოდების გამო“, - თქვა FAO-ს წარმომადგენელმა.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შეთანხმება კიდევ 120 დღით გაგრძელდა“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა.


22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას.

პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.

29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს. 

გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს.

გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება.

2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს. 

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.