ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ რუსული მედია ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში.
58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა.
მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი.
ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა.
„ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა.
13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.