17 დეკემბერს ბუქარესტში, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო ევროპის ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს.
პროექტის დეტალები, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილა.
„აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროპის ელექტროენერგიით მომარაგების ახალი მარშრუტის შესაქმნელად“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება.
„ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას.
გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“.
ასევე წაიკითხეთ: