ინდონეზიის პარლამენტმა, ქორწინების გარეშე სექსისთვის, პატიმრობა დაამტკიცა

ინდონეზიის პარლამენტმა მიიღო ახალი სასჯელაღსრულების კოდექსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქორწინების გარეშე სექსისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიღებული ცვლილებების მიხედვით, ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში პირებს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ.

ინდონეზიის ხელისუფლებამ ძველი კოდექსიდან ახალზე გადასასვლელად სამი წელი განსაზღვრა.

ახალი კოდექსი ვრცელდება ინდონეზიის მოქალაქეებზე და უცხოელებზე.

ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ასევე კრძალავს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეროვნული იდეოლოგიის შეურაცხყოფას, ასევე კონტრაცეპტივების პოპულარიზაციას.

პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. ახალი კოდექსი ჩაანაცვლებს კანონმდებლობას, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც ინდონეზიამ 1945 წელს ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ბოლოს შესწორებული სისხლის სამართლის კოდექსის მიღება 2019 წელს სცადეს, მაგრამ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა პროტესტის ფონზე მის ხელმოწერაზე უარი თქვა.