სალომე ზურაბიშვილი: გრიგოლ ფერაძე ქართველებს გვაძლევს რწმენას, რომ არ ვართ ერთმანეთის მოძულე ერი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღავლინეს პანაშვიდი გრიგილ ფერაძისა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

ამასთან, პრეზიდენტი ასევე დაესწრო აუშვიც – ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმთან არსებულ ოსვენციმისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის განათლების ცენტრში, საქართველოსა და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონიას.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ძალიან რთული არის ამ ადგილას სწორი სიტყვები მოძებნო ადამიანმა ,რათა გამოხატოს რა ხდებოდა აქ“.

„აქ ვიმყოფებით ალბათ ჯოჯოხეთის კარებთან, აქ არის ყველაზე დიდი ადამიანის სირცხვილი, იქ სადამდე შეიძლება, მივიდეს ადამიანი, სიძულვილისგან, ტოტალიტარიზმისგან, არატოლერანტობით, სხვისი აუტანლობით. აქ არის ადგილი, სადაც გვინდა, ვთქვათ, რომ ეს აღარასოდეს მოხდება, ეს იყო 80 წლის წინ რომ ამ საუკუნეში ჩვენ ამას აღარ ვნახავთ. ეს არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ, რომ დღესაც სხვაგან არსებობს ადგილები, სადაც ადამიანები ადამიანებს ექცევიან ისე, როგორიც ჩვენ ეს უნდა დავგმოთ ბუჩაში, ირპინში, სხვადასხვა ადგილებში. აქედან ათას კილომეტრში არის კატინი. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება, ჩვენ დავკარგოთ იმედი, ადგილი, სადაც უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, მაგრამ ამავდროულად, ეს არის სასწაული ადამიანისა, ეს არის ადგილი იმედის. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი თანამემამულე წმინდა გრიგოლ ფერაძე მოვიდა და დასრულდა. აღსრულდა სხვებისთვის თავდადებით. ეს არის ადგილი, სადაც მან გვაჩვენა მაგალითი და სიმბოლო, თუ რას ნიშნავს ადამიანის ღირსება უმაღლეს დონეზე. მისი თავდადება როგორც სხვა ბევრის. აქ, კედლებს მიღმა, ეს თავდადება არის, რაც გვაძლევს იმედს, რომ ადამიანი სხვა რამ არის.

გრიგოლ ფერაძე არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ, ქართველებს გვაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს, ერთმანეთის მოძულე ერი, რომ ჩვენ შეიძლება, სხვა რამეც ვიყოთ, რომ ჩვენში გვაქვს სხვა შესაძლებლობები და სხვა ღირსებები, ამ ღირსებებს უნდა დავუბრუნდეთ. ადამიანი, რომელიც იყო პირველივე გაგებით ევროპელი, მან ისწავლა ბერლინში ვარშავაში პარიზში ლონდონში და ეს ყველაფერი დატოვა ამ კედლებში. იგი იყო ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მთელს ევროპაში ეძებდა იმ ხელნაწერებს, რომლითაც შეივსებოდა ეს ისტორია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 6 დეკემბერი არის გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების დღე.

„გავიხსენოთ იგი და ის, რაც დაგვიტოვა – ჩვენ გვჯეროდეს ადამიანის, რწმენა არ დავკარგოთ და გვჯეროდეს საქართველოს ღირსების“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მალოპოლსკის გუბერნატორის მოადგილე, რიშარდ პაგაჩმა აღნიშნა, რომ წმინდა გრიგოლ ფერაძე იყო 44 წლის, როდესაც მან სიცოცხლე აღასრულა.

მისივე თქმით, ის ძალიან განათლებული ადამიანი იყო, იყო პოლიგლოტი, ამავე დროს იგი შეყვარებული იყო პოლონეთზე.

„გრიგოლ ფერაძემ არ დატოვა პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, როდესაც მე ვუყურებ მილიონობით გარდაცვლილი ადამიანის რელიქვიას, მე გულის აჩუყებით ვუყურებ პატარა ფეხსაცმელებს, ბავშვების დანატოვარს, ძნელია, დავფაროთ ის გულისტკივილი, რომელიც გვაწუხებს, რომ მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა ქვეყნებიდან აქ დაასრულეს სიცოცხლე. აუშვიცი უნდა იყოს გაკვეთილო ყველა ერისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გულისტკივილით უნდა ვაღიროთ, რომ ეს გაკვეთილი არ იქნა შესწავლული. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრის მიღმა იხოცებიან ქალები ბავშვები მარტო იმიტომ, რომ ისინი უკრაინელები არიან. დღეს რუსები იცვამენ ღმერთის მანტიას და კლავენ სხვებს. იმედის მომცემია ის თავგანწირვა, რომლის მაგალითიც გვაჩვენა წმინდა გრიგოლ ფერაძემ და პოლონელმა მღვდელმა მაქსიმილიანე კოლბემ“, – განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.