"აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს"

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და აშშ-მ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ერთად მუშაობა უნდა განაგრძონ, თუკი ისინი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებენ.

„ვფიქრობთ, რომ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დღეებში ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც კონტრპროდუქტიულია და ნეიტრალიტეტის პოზიციის ერთგვარი ცვლილების დემონსტრირებას წარმოადგენს,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა გამოცემა Al Jazeera-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს.

„ყველა ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ეს ნორმალურია. მაგრამ თუ თქვენ ასეთი მგრძნობიარე საკითხის შუამავალი ხართ, ნეიტრალური უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლობა ჩვენთვის მისაღები არ იქნება,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სამხედრო დაპირისპირება, მთიან ყარაბაღში, 27 სექტემბერს განახლდა.

მიუხედავად, არაერთი მოწოდებისა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე, ჯერჯერობით უარს აცხადებენ.