თურქეთმა შესაძლოა, რუმინეთში მცურავი ელექტროსადგურები გაგზავნოს, რათა უკრაინას 300-400 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს.
ამის შესახებ Karpowership-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეინეპ ხარეზიმ განაცხადა.
მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 300-400 მეგავატ სიმძლავრის შესახებ. ამ სიმძლავრის შედეგად, შესაძლოა, ელექტროენერგია უკრაინაში ერთმა მილიონმა ოჯახმა მიიღოს.
ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ სამი ან ოთხი გემი ამ პოტენციალის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური, კომერციული დეტალებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების შეთანხმება. რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას შორის არის მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზები“, - აღნიშნა ხარეზიმ.