ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა ვილნიუსში სამმხრივი ასამბლეის მე-12 სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინასა და NATO-ს ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა, უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა.
ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„[ასამბლეამ] ხაზი გაუსვა ლიეტუვისა და პოლონეთის შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის ძირითად მნიშვნელობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ისევე როგორც მომავალ მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს 2023 წელს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ხაზგასმულია ქვეყნების მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რათა უზრუნველყონ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში უმოკლეს დროში გაწევრიანება.
სამმხრივმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნების მზადყოფნა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა რუსეთმა სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.
„ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება.