- ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი სიკვდილით დასაჯეს - CNN
ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი, მოჰსენ შეკარი სიკვდილით დასაჯეს. ის ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს.
სასამართლომ მოჰსენ შეკარი დამნაშავედ პირველ ნოემბერს ცნო. მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ის ძალაში დატოვა.
CNN-ის ინფორმაციით, მოჰსენ შეკარი „რევოლუციურმა სასამართლომ“ „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ ცნო დამნაშავედ.
მისივე თანახმად, ეს იყო პირველი სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია საპროტესტო აქციებთან.
მას ბრალი წაუყენეს როგორც მეამბოხეს, რომელმაც სექტემბერში თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და გასამხედროებული ძალის წევრი დაჭრა.
ევროპის რამდენიმე მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა ირანი სიკვდილით დასჯის გამო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა Twitter-ზე დაწერა, შეკარი „რეჟიმთან უთანხმოების გამო“ გასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს ცრუ, „ნაჩქარევად მოწყობილ სასამართლო პროცესზე“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ენ-კლერ ლეჟანდრმა თქვა, რომ საფრანგეთი გმობს სიკვდილით დასჯას „ყველაზე მკაცრად“ და „გაიმეორა თავისი მტკიცე ვალდებულება მშვიდობიანი პროტესტის უფლებისადმი“.
მისი თქმით, მომიტინგეების მოთხოვნები „ლეგიტიმურია და მათ უნდა მოუსმინონ“.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ თქვა, რომ აღშფოთებულია ირანში დემონსტრანტის „სიკვდილით დასჯის ტრაგიკული ამბით", ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, ფაქტს შემაძრწუნებელი უწოდა.
- „ირანის რეჟიმი იყენებს აღმაშფოთებელ არაპროპორციულ ჯარიმებს მის მოსახლეობაში ტერორის დასანერგად“.
ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ მოუწოდა ამჟამინდელ მთავრობას, უფრო ლმობიერი იყოს მომიტინგეების მიმართ.
Amnesty International-ის ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით მინიმუმ 21 ადამიანის სიკვდილით დასჯას ითხოვს.
CNN წერს, რომ მედიასაშუალება ვერ ამოწმებს ირანში სიკვდილით დასჯილი ადამიანების რაოდენობას, ან ბოლო მონაცემებს დაკავების ან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული დაღუპულთა რიცხვის შესახებ, რადგან ზუსტი მონაცემების დადასტურება შეუძლებელია ირანის მთავრობის პირობებში.
ნოემბრის ბოლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ირანი იმყოფება „ადამიანის უფლებების სრულ კრიზისში“. ის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
ირანი არეულობაში „თავის უცხოელ მტრებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს“ ადანაშაულებს. სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ „ხუთ ადამიანს, რომლებიც ბრალდებულნი არიან „ბასიჯის“ წევრის, რუჰოლა აჯამიანის მკვლელობაში, სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მათ კი, გასაჩივრების უფლება აქვთ“.