მოკავშირეები და პარტნიორები მრავალეროვნულ აქტივობას ახორციელებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს. მისივე ცნობით, მანევრებში 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან.
„შვედეთი არის მთავარი კონტრიბუტორი ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს აქტივობა იყო ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან თანამშრომლობის ფანტასტიკური შესაძლებლობა და მკაფიო დადასტურება იმისა, რომ შვედეთის საჰაერო ძალები სრულად თავსებადია NATO-სთან“, - განაცხადა შვედურმა მხარემ.
ამ აქტივობაში ასევე გამოჩნდა აშშ-ის საჰაერო ძალების უახლესი ტანკერი - KC-46, რომელიც ფინურ F/A-18-ებს ამარაგებდა.
„ხსენებული აქტივობის მიზანია საჰაერო ეკიპაჟების წვრთნა საჰაერო საწვავის შევსებაში, ასევე ფინეთის მზადყოფნის დემონსტრირება აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად მოქმედებისთვის“, - თანამშრომლობის უნარი აძლიერებს ფინეთის თავდაცვას“, - აღნიშნა თავის მხრივ ფინურმა მხარემ.
NATO-ს შეფასებით, მსგავსი მუდმივი საწვრთნელი აქტივობები, რომლებიც რეგულარულად ტარდება ევროატლანტიკურ სივრცეში, აუმჯობესებს ალიანსის საერთო ერთიანობას და უზრუნველყოფს NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას მნიშვნელოვან პარტნიორებთან.