ევროკავშირის საბჭომ, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, მიაღწია შეთანხმებას საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უკრაინას 2023 წლის განმავლობაში 18 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება გაუწიოს.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს საღამოს გამოაცხადა. წერილობით მიღებული წინადადება მომავალ კვირას ევროპარლამენტს დასამტკიცებლად გადაეცემა.
ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და პირველად მხარდაჭერას ომის შემდგომ, ევროინტეგრაციის გზაზე.
„2023 წელს უკრაინა 18 მილიარდ ევროს 10 წლიანი საშეღავათო პერიოდით ისესხებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები საპროცენტო ხარჯების ძირითად ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლების ხარჯზე დაფარავენ.
სესხების გარანტიები უზრუნველყოფილია ან ევროკავშირის ბიუჯეტით, ან წევრი ქვეყნების მიერ“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.