ნიდერლანდები მზად იქნება შექმნას ახალი, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ.
ჰოექსტრას თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სასამართლო ექსპერტების თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ წევრ სახელმწიფოებზე და ასევე სახელმწიფოებზე, რომლებიც დათანხმდნენ მის იურისდიქციას, როგორიცაა უკრაინა, მაგრამ არა რუსეთზე.
„მზარდი კონსენსუსია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი აგრესიის აქტის, ომის დაწყების დანაშაულის სასამართლო განხილვისთვის, რასაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ გააკეთებს“, - განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ თვეში განაცხადა, რომ საჭირო იქნება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით ახალი ტრიბუნალის შექმნა, რათა აგრესიის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.