"სიცრუეა, თითქოს სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანში საქართველოს გავლით მიდიან"

საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ინფორმაცია, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან.

ლილუაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია სოციალურ მედიაში ვრცელდება, ისევე როგორც ცნობები იმის შესახებ, რომ კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რაღა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი.

სუს-ის უფროსის განცხადებით, ორივე ეს ინფორმაცია სიცრუეა.

"მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს, თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან. ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო , რომ გავრცელებულ ინფორმაციას მებრძოლეების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციას და დაძაბვას. სუს-ი აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები" , - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.