პირველად მოხდება ისე, რომ ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში გაფართოების საკითხზე მოხვდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სტანჩიკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთ საკითხად განიხილება ევროკავშირის გაფართოების, სტაბილიზაციისა და ასოციაციის პროცესი.
მინისტრის თქმით, სლოვაკეთს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სლოვაკეთს სჯერა, რომ უკრაინა უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული ოჯახის წევრი. პირველად მოხდება, როდესაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ნახსენები ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ჩვენი კავშირის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, გაფართოება მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით.
ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის ევრკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს იქნება ძლიერი ბიძგი, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებმა გააგრძელონ ქვეყნის რეფორმირება ევროპული გზით“, – განაცხადა სტანჩიკმა საზოგადოებრივი მაუყებლის ცნობით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.