NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულმა ყველა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.
კითხვა, რომელზეც 76 %-მა დადებითად უპასუხა, დასმული იყო შემდეგი ფორმულირებით: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას: იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში . აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა.
კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა შორის 14 პროცენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.
გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტის მიერ მოქალაქეთა ინტერესების გატარებისთვის პარტიებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა სხვადასხვა პარტიის მომხრეები იყვნენ. აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა ცხრა %..
ამასთან, გამოკითხვის თანახმად, 32 % არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 28 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან.
გარდა ამისა, პარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 15% კარგად აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი 36%.
„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.