აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. 

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეთანხმება „ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორებთან დააახლოებს და დაეხმარება ორივე რეგიონს სუფთა ენერგიის ტრანზიტის მიღწევაში“.

ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით შედეგებს მსოფლიო ბანკის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.