NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით

„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება“, - ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

NATO კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზადაა, პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.

„NATO-ს საქართველოსთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ნოემბრის ბოლოს, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ესწრებოდნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნების მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ.

ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით დავეხმარებით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.


NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპელები დამოკიდებულნი იყვნენ რუსულ ნავთობსა და გაზზე.

„რუსეთმა ენერგია იარაღად გამოიყენა და ცდილობდა, გამოეყენებინა ის ჩვენი შანტაჟის მიზნით, რათა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ეს არ გამოუვიდა. მოკავშირეები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნით, უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამენ. ევროპაში გაზსაცავები გადავსებულია.

მოკავშირეები აფორმებენ ხელშეკრულებებს თხევადი გაზის მიწოდებაზე. ასევე გადაწიეს ატომური რეაქტორების ექსპლუატაციის დრო და განაახლეს ნახშირის ელექტროსადგურები. ახლა რუსეთი გაზზე ევროპის მოთხოვნის 10% უზრუნველყოფს, უკრაინაში შეჭრამდე, ეს მაჩვენებელი 45% იყო. ეს არის ერთგვარი დამცავი ბუფერი იმისთვის, რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხევაში რყევები არ მოხდეს.

„დიდი შვიდეული“ (G7) ასევე დათანხმდა, შეამციროს რუსული ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს იმ შემოსავლებს, რომლებიც კრემლის ომს აფინანსებს. მოკავშირეები გააგრძელებენ ინვესტიციებს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებაში, მომწოდებლებსა და წყაროებში. ამრიგად, პრეზიდენტ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში.
 
„ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში.
 
ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული.
 
ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან.
 
ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.