„შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა

საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორი ახალი ინვესტორების მოლოდინშია. საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ გაჩნდა.

Europetime-თან ინტერვიუში ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტი უდიდესი მიღწევაა, როლის განხორციელებაზეც წლებია, ყველა ქართველი ენერგეტიკოსი ოცნებობდა.

  • „შავი ზღვის კაბელის პროექტი, თავისი მასშტაბებითა და მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლით, იმ პროექტების რიგშია, რომლებიც  საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა.  მათ შორისაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „შაჰ-დენიზის“ პროექტი. საქართველო უდავოდ გახდება ელექტროენერგეტიკული ჰაბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მირცხულავა.

შავი ზღვის კაბელი პროექტი - ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ინვესტიციები

დავით მირცხულავა ამბობს, რომ „შავი ზღვის კაბელის პროექტი“ საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის ეკონომიკებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმოწერა, ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმზე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის (აღარ იქნება საუბარი მხოლოდ ნავთობსა და გაზის ტრანზიტზე საქართველოს გავლით), დიდი პოტენციალი ათვისებული იქნება და მისი ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - ამბობს მირცხულავა.

მისივე თქმით, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტში უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის როლი, რადგან შესაძლოა, ეს პროექტი ამ ქვეყნის ძალისხმევით კიდევ გაფართოვდეს.

  • „ალიევი იყო საქართველოში და მისი ვიზიტის 90% ეხებოდა ელექტროენერგიის ტრანზიტსა და ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას. მათ შორის შავი ზღვის კაბელის პროექტს და მასში აზერბაიჯანის მნიშვნელოვან მონაწილეობას. ასევე იყო საუბარი სამომავლოდ, კასპიის ზღვაში კაბელის ჩადებაზე თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ამ პროექტს გაფართოების საშუალებას მისცემს და თურქმენული ენერგია ევროპის ბაზარზე გავა“, - ამბობს მირცხულავა.

მისივე თქმით, ამ პროექტით, შესაძლოა, აღმოსავლეთის ქვეყნებიც დაინტერესდნენ.

ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს.

„საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა.

  • „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტს, საქართველოშიც შემოჰყვებიან ახალი ინვესტორები“, - ამბობს მირცხულავა.

„2017 წელს მორატორიუმი იყო გამოცხადებული გენერაციის ობიექტებისთვის სტიმულირების მოდელის შერჩევაზე. ეს მორატორიუმი ახლა მოხსნილია და ბუნებრივია, ეს სექტორი დააინტერესებთ ინვესტორებს. საქართველო დაიწყებს იგივე ქარის, მზისა და ჰესების პროექტების განვითარებას.

„შავი ზღვის კაბელის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 10 თვეში დასრულდება. ბუნებრივია, ჩვენი პოტენციალიც უნდა გავზარდოთ, რათა გვქონდეს საფუძველი, რომ საქართველომ გაიტანოს საკუთარი ენერგია და არამხოლოდ ტრანზიტზე იყოს დამოკიდებული“.

მისივე თქმით, საქართველო ხდება ევროპის ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე და ქვეყანას ექნება თავისი ნიშა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შემდეგ აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

ამასთან, ამ პროექტში მნიშვნელოვანია რუმინეთის როლი, რადგან შავ ზღვაში ჩადებული კაბელით, საქართველო რუმინეთს დაუკავშირდება და კონსტანცის პორტიდან მოხდება მიღებული ელექტროენერგიის ევროპის ბაზარზე განაწილება.

პირველ ეტაპზე ელექტროენერგიას მოლდოვა და უნგრეთი მიიღებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი ხაზი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება. 


17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.