საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ ოპოზიციური პარტიებს, საპარლამენტო უფლებამოსილების საბოლოო შეწყვეტამდე, პოზიციის შესაცვლელად რამდენიმე დღეს აძლევს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციური პარტიების და დეპუტატების განცხადებებს 27 და 28 იანვარს განიხილავს და ბიუროს გადასცემს. 2 თებერვალს კი, საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მიიყვანოს, რომ ოპოზიციონერებმა „რაციონალური გადაწყვეტილება“ მიიღონ.
„უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მათ გადაწყვეტილების მიღების საშუალება 2 თებერვლამდე რჩებათ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მათი დიდი ნაწილი ამ ვადის განმავლობაში რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დღეს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულმა ყველა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა.
კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე გამოკითხულთა შორის 14 პროცენტი ოპოზიციის მხარდამჭერი იყო. გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების 65 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.
ასევე NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 % ამას არ ეთანხმება.
15 იანვარს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და საქართველოს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მონიტორინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში.
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის საკითხზე, ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მოწოდებებს პასუხობს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
"სტრატეგია აღმაშენებლის“ უარს „მოქალაქეები“ ვაშაძის შანტაჟს უკავშირებენ