როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

მანამდე პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება ჩატარდა და დადგინდა რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს.

საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაშია დაგეგმილი.

„კვლევის ფარგლებში, სსე აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთან – Transelectrica. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან პროექტის თაობაზე პერიოდული კონსულტაციები ტარდება რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებთან, სსე-ის მხრიდან – ზემოაღნიშნული ქვეყნების შესატყვის ენერგეტიკულ კომპანიებთან.

ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა“, - აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

სატენდერო პირობებით, პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას, მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. 


პროექტს მხარს უჭერს აშშ.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. 

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეთანხმება „ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორებთან დააახლოებს და დაეხმარება ორივე რეგიონს სუფთა ენერგიის ტრანზიტის მიღწევაში“.

ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით შედეგებს მსოფლიო ბანკის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Europetime-თან ინტერვიუში, ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 10 თვეში დასრულდება.

Europetime-ს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია და ამ დროისთვის შუალედური დასკვნა არ არსებობს.


ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.

19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს.

ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა.

კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.