ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს ბახმუტის დამცველების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში, ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელზეც უკრაინელი სამხედროების ხელმოწერაა.

თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკის დროშა უსახსოვრა, რომელიც ზელენსკის ვიზიტის დღეს, კაპიტოლიუმის თავზე იყო აღმართული.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროშა მას ბახმუტის დამცველებმა გადასცეს.

„გუშინ, როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია, მილიონობით ადამიანი გადაარჩინოს. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება.

დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.