მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ ვიდეოთვალით ჩართვის დროს, პერანგის აწევის უფლება არ მისცა.
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ერთვება, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა წამოდგარიყო და პერანგი აეწია.
„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ.
მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა.
ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.
„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.