მიხეილ სააკაშვილის ძმა: სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს წირავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მის ძმას წირავს.

"მოსამართლე არევაძისგან მოვისმინეთ, რომ პროცესი 21 დეკემბერს არ ჩაინიშნებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და არ სურდა დამთხვეოდა. მოვიდა 22 რიცხვი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

სახელმწიფო წირავს ადამიანს და მის დაღუპვას აწერს ხელს, ვინაიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გაძლებს. დღევანდელი სასამართლო პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია.

წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე არევაძემ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ მინიმუმ ჩართონ. თავად დიდი სურვილი ჰონდა, რომ მოსულიყო, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რომ ჩართონ, საზოგადოება დაინახავს, რა მძიმე მდგომარეობაშია", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ.

მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.