საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა.
სხდომა ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
„იქ იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი ილია ლომია, რომელიც ახლახან დამიკავშირდა. თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, ექიმი გამოიძახეს და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს ჩართვას, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე სცადა მიმართვა, თუმცა სასამართლო სხდომაზე მას ამის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ თუ ქართულ ენაზე არ ისაუბრებდა, ჩართვას შეწყვეტდნენ.
მანამდე, მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის აცილებას მოითხოვა.
ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.
„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.