მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავება სომხეთის პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სთათბიროს წევრმა ალექსეი პუშკოვმა „ტელეგრამში“ დაწერა.
მისი თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლების ერთ-ერთი ირიბი მიზეზი გახდა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ტენდენცია, რომელიც „რუსეთთან ურთიერთობებს ეჭვქვეშ აყენებს".
„სომხეთი ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებისკენ მიილტვის. ისინი კი კრიტიკულ სიტუაციაში არ დაეხმარებიან“ - აცხადებს პუშკოვი. ის ასევე წერს, რომ კონფლიქტის განახლების დრო „შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა“.
ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.