G7-ის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს საბიუჯეტო და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ. ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის ფინანსთა მინისტრების მიერ, 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გერმანიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ G7-მ 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 32 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დახმარების მობილიზება მოახდინა.
წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინას 32,7 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყვეს.
„ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა დონორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა“, - განაცხადეს ფინანსთა მინისტრებმა.
დეკემბრის შუა რიცხვებში, G7 დაეთანხმა, შექმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის ფონზე, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის კოორდინაციას გაუწევს. ქვეყნები ასევე დაჰპირდნენ კიევს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მოსკოვის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმების ფონზე.
ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ლიდერები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.