საქართველოს შიდაპოლიტიკურ სპექტრში დღევანდელი პოლემიკა, რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პარლამენტში შესასვლელად რამდენიმე დღის ვადა მისცა.
დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან გაკეთებული განცხადებების მთავარი გზავნილი ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდება იყო, სადაც ასამბლეა ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.
NDI-ის კვლევის თანახმად. გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი, შემაშინებელი გარემო იყო, რასაც 92 % არ ეთანხმება. ასევე NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელეობის 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა"სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა 9%. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ექვსჯერ ნაკლებია.
როგორც მედიასთან საუბრისას მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების რეიტინგის შესახებ, NDI-ის კვლევის შედეგებმა ოპოზიციური პარტიები უნდა დააფიქროს, თუ რატომ დასაჯა ამომრჩეველმა ისინი უნდობლობის გამოცხადებით.
"ლელოს", „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები,"ქართული ოცნების" 31%-ს და ოპოზიციის დაბალ პროცენტს, მოქალაქეების შიშით ხსნიან.
„ლელოს“ წევრის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ამომრჩეველი თავისი არჩევანის ხმამაღლა დაფიქსირებას გაურბის, რადგან სატელეფონო კვლევას საქართველოში დიდი ნდობა არა აქვს.
„რაც შეეხება პარლამენტის მუშაობაში ჩართვას, ასე დასმულ შეკითხვაზე, როგორც NDI-მ დასვა, მეც ზუსტად ისე ვუპასუხებდი, რომ რა თქმა უნდა, პარტიებმა პარლამენტის მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. მაგრამ როცა აყალბებ არჩევნებს, როდესაც მესამე ვადით იტაცებ ხელისუფლებას, პარლამენტის ბოიკოტირების გარდა, ოპოზიციას სხვა ქმედითი მექანიზმი არ რჩება საიმისოდ, რომ ასეთი მძაფრი პროტესტი გამოხატოს”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის აზრით, „სატელეფონო გამოკითხვისადმი მოქალაქეების უნდობლობის გამო, NDI-ს კვლევა ზუსტ შედეგს არ იძლევა.
„ზოგადად, ეს პრობლემა არის NDI-ის კვლევების პრობლემა, რასაც ჩამტარებლებიც აღიარებენ. ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტათი უხერხულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
რაც შეეხება კვლევას, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ნორმალურ ვითარებაში ყველა პარტია უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობაში ჩართული, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება ნორმალური არ არის.
„ეს კვლევაც კი, მიუხედავად ინტერპრეტაციისა, რომელსაც "ქართული ოცნება“ აყენებს, მათთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
იგივე აზრს აფიქსირებს „ნაციონალური მოძრაობაც“
„ყველასათვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში საყოველთაო შიშის გათვალისწინებით სატელეფონო საუბრები არ არის უსაფრთხო და სანდო. „მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციის პარტიების შემცირებული რეიტინგი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, NDI-ის მ კვლევამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება და ამომრჩევლის სურვილია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.
„გირჩის“ აზრს იზიარებს პარტია "მოქალაქეებიც". „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობას სურს პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი 2 თებერვალს, ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ, ჩრდილოკორეულ პარლამენტს.
„მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცახდება აქვთ დაწერილი, ისედაც არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს”, - განცხადა ნადირაშვილმა.
გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2 თებერვლამდე დარჩენილ დღეებში, „გირჩი“ ყველაფერს გავაკეთებთ კოლეგების აზრზე მოსაყვანად, ამისათვის გამოვიყენებთ NDI კვლევის შედეგებსაც,.
„მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც „ქოცების“ და „ნაცების“ 9 წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა," - წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.
როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ რჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი ცდილობს რეგლამენტით გათვალისიწნებული ვადები ბოლომდე გამოიყენოს, იმისთვის, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.
„რეგლამენტით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით.
ოპოზიციის ნაწილი NDI-ის კვლევის მეთოდებს უნდობლობას უცხადებს და რეიტინგების გარკვეულ ეპიზოდებს არ ეთანხმება
„მინდა, გამოვეხმაურო დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მათ არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას განსახილველად, იწურება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციონერ დეპუტატებს, დამატებითი დრო მისცა იმისთვის, რომ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
NDI-ის კვლევის შედეგების გარდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების ლეგიტიმურობაზე, ევროპარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე.
"საერთაშორისო მისიებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ჩვენ უნდა წავაქეზოთ მმართველი ძალა და ოპოზიცია, რათა დიალოგი გაგრძელონ და ეს პოლარიზაცია აღმოიფხვრას", - განცხადა რუმინელმა დეპუტატმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა ტიტუს კორლეციანმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილისას.