ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები და ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები გადასცეს, რაც ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID19-ის პანდემიასთან ბრძოლის და უფრო მდგრადი ჯანდაცვის სისტემის მშენებლობის პროცესში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.
„მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საქართველოს გადავცეთ იმუნიზაციის ცივი ჯაჭვისთვის საჭირო დანადგარები - ცივი ოთახები და მაცივრები, ასევე ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მოწყობილობები. ეს ტექნიკა და ჩვენი თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მიმართულია საქართველოში ინფექციური დაავადებების კონტროლისკენ და მოსახლეობის უკეთ დასაცავად. ეს და სამომავლო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO საქართველოს უწევენ. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან.
„გადაცემული მოწყობილობა ქვეყნის მასშტაბით ცივი ჯაჭვის გამართვას უწყობს ხელს, რათა შესაბამისად მოხდეს ვაქცინებისა და განსაკუთრებულ პირობებში შესანახი ნიმუშების დასაწყობება, დაცვა, ტრანსპორტირება და გამოყენება.
ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას უკვე გადასცა 300 სამედიცინო მაცივარი, ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეც. ავტომობილი, ვაქცინების სატარებელი ყუთები თუ მაღალი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკა.
შეძენილი მოწყობილობების ღირებულება მთლიანობაში 500,000 ევროს აღწევს. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ასევე მომზადდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული აპლიკაციები, იმუნიზაციისა და პაციენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, ხდება ვაქცინების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონიტორინგი და კომუნიკაცია იმუნიზაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით.
„გადაცემული მოწყობილობები შეავსებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც იმუნიზაციის თანამედროვე ცივ ჯაჭვს უნდა გააჩნდეს; იგი გაზრდის იმუნიზაციის შესაძლებლობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახლანდელი და შესაძლო გამოწვევების მიმართ. ამას თან მოჰყვება შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომელსაც ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ.
„ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“, - აცხადებს ჯანმოს საქართველოს ოფისი.