ალან გილამი: უკვე წლებია NDI-ის კვლევები აჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურ პროგრესს ვერ ხედავს

“უკვე წლებია, NDI-ის კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს”, - ამის შესახებ NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა განცხადა

NDI-ის ახალი კვლევის შედეგები ორგანზიაციამ დღეს გაავრცელა.

გილამის თქმით, კვლევის მიხედვით, ქართველი ამომრჩეველი ცხადად გამოხატავს სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ.

“ქვეყნის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მოგვარების პასუხისმგებლობაც ახალ პარლამენტს ეკისრება. ახალი მოწვევის პარლამენტს მოსახლეობაში ნდობის გაჩენის პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა მოქალაქეებმა ირწმუნონ, რომ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მთავრობის ძალისხმევამ, მოქალაქეების ინფორმირებულობა უზრუნველყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მნიშვნელოვანი მესიჯები გაევრცელებინა, დადებითი შედეგი გამოიღო.

„მომავალში, კანონმდებლები და პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღებით უნდა მოეკიდონ და პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ. მათ ისეთი მესიჯები უნდა შეიმუშავონ, რომლებიც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ეკონომიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მიმართ საზოგადოების ნდობას გაამყარებენ,” - აცხადებს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

გილამის განმარტებით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

„ კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო”, - აღნიშნულია NDI-ის განცხადებაში.

NDI: გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროვებელი, შემაშინებელი გარემო იყო, 92 % არ ეთანხმება