საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტს ისტორიული უწოდა.
ამის შესახებ მან მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.
„ჩვენ გასულ წელს ბრიუსელში წარვადგინეთ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ბუნებრივია რუმინეთთანაც, რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად და დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე.
მოგეხსენებათ ამ პროექტს შეურბენდათ აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა. ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული, ხელშესახები მნიშვნელობის, ისტორიული პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ.
ეს პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს.
ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა.
კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.