შვედეთის სამეფომ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად თითქმის 19,2 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
თანხები გადაირიცხება დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მოქმედ უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდში და გამოყენებული იქნება უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად.
„შვედეთმა დამატებით გამოყო თითქმის $19,2 მილიონი (200 მილიონი შვედური გვირგვინი) უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„უკრაინელი ხალხის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უსაფრთხო ევროპის საწინდარია", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
„შვედეთი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას იქამდე, სანამ დაგჭირდებათ", - აცხადებს თავის მხრივ, უკრაინაში შვედეთის საელჩო.