რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესების საპასუხო განკარგულებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი კრძალავს თავისი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის, თუ კონტრაქტები ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს.
დადგენილება ამოქმედდება 2023 წლის პირველი თებერვლიდან და იმოქმედებს მომდევნო წლის პირველ ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს მთავრობა დაადგენს.
აშშ-მ და ევროკავშირმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრად 60 დოლარი დაადგინეს. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.